MENU
მთავარი » 2015 » თებერვალი » 08 » აფხაზეთის არქეოლოგიური ძეგლები
12:31 PM
აფხაზეთის არქეოლოგიური ძეგლები

აწანგვარა

აწანგვარა (აფხ. აწან-გუარა - წანთა სადგომი), ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა კატეგორია. ნახევრად მეგალითური ნაგებობა, რომელშიც ზაფხულობით მწყემსთა ბინები და საქონლის სადგომები იყო მოწყობილი. კლასიკური ფორმით ეს საცხოვრისები აფხაზეთშია დაცული. პირველად აქაური აწანგვარები იქნა აღწერილი. აფხაზურ ზეპირსიტყვიერებაში შემონახული გადმოცემების მიხედვით, ერთნი მათ ქონდრის კაცთა (აფხ. "აწან") საცხოვრისებად თვლიან, მეორენი - ერთ-ერთი დასავლურ-ქართული ტომის - წანების (აწან-გუარა) სადგომად.

აწანგვარა ქვის ოთხკუთხა ან მრგვალი სათავსებისაგან შემდგარი რთული ნაგებობაა. განირჩევა განცალკევებული აწანგვარები და აწანგვართა კომპლექსები, რომლებსაც აფხაზები "წანთა ქალაქს" (აფხ. "აწანაა რიქალაქ") უწოდებენ. აწანგვარები გავრცელებულია კავკასიის ალპურ ზონაში, განსაკუთრებით მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მეჯოგეთა სადგომი აწანგვარები აღმოჩენილია აგრეთვე არქეოლოგიური გათხრებისას თეთრი წყაროს მახლობლად. გამდლისწყაროს განძში ნაპოვნია ბრინჯაოს სკულპტურული ჯგუფი - საკულტო აწანგვარა ბრინჯაოს ხანაში მეჯოგეთა მკვიდრად ნაგები საზაფხულო საცხოვრისების არსებობა მოწმობს, რომ ამ დროს განვითარებული ყოფილა სამთაბარო მეცხოველეობა. აწანგვარებს მეჯოგეები შემდეგაც დიდხანს იყენებდნენ. აფხაზეთში უასლეს ხანაშიც დადასტურებულია აწანგვარების გადახურვა და გამოყენება.

იაშთხვა

იაშთხვა, პალეოლითური ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი-სახელოსნო ქ. სოხუმის ჩრდილოეთით 2 კმ-ზე, ოსტროუმოვის ხეობასა და იაშთხვისა და ბირცხის მთებს შორის, ზღვის დონიდან 80-140 მ. არქეოლოგიული კვლევა-ძიება ჩატარდა 1935-1938 წლებში (სერგეი ზამიატნინი). ძეგლზე, რომლის ფართობი რამდენიმე ჰა, ზამიატნინმა გამოჰყო 14 პუნქტი, სადაც თავმოყრილია ქვის მასალა. ნივთების დიდი ნაწილი ნაპოვნია მიწის ზედაპირზე, ნაწილი - გათხრების შედეგად. მასალად გამოყენებულია დანიური იარუსის კაჟი. იაშთხვის კოლექციაში აშელის, მუსტიეს და ზედა პალეოლითის ხანის რამდენიმე ათასი ქვის ნივთია. ანატკეცებისთვის დამახასიათებელია მასიურობა, დარტყმის დიდი მოედანი, რელიეფური ბურცობი და სქელი პატინა. ხელცულები და საჩეხი იარაღი მასიურია და პრიმიტიულადაა დამუშავებული. გვხვდება კლექტონური ანატკეცები. ლევალუაზური ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. შედარებით მცირეა შუა პალეოლითური (მუსტიეს) და ზედა პალეოლითური მასალა. მუსტიეს ხანისაა ქვის სახოკები, წვეტანები, ნაწილობრივ ორმხრივ დამუშავებული იარაღი და სხვა. ზედა პალეოლითურია სხვადასხვა სახის საჭრისები და საფხეკები.

1958 წელს იაშთხვზე აღმოჩნდა (ნიკოლოზ ბერძენიშვილი) ახალი პუნქტები, სადაც ნაპოვნია მრავალრიცხოვანი ქვის ნაწარმი (მ. შ. აშელის ადრინდელი პერიოდის ხელცულები). 1961-1965 წლებში გამოვლინდა ქვედა და შუა პალეოლითური ხანის მასალის თავმოყრის პუნქტები (ი. კორობკოვი).

ნანახია: 695 | დაამატა: toka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: