MENU
მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » ყველა დროის ყველაზე ცნობილი მოგზაური
4:55 PM
ყველა დროის ყველაზე ცნობილი მოგზაური

                                                                                        მარკო პოლო(1254 წ.15 სექტემბერი. ვენეცია - 1324 წ 8 იანვარი. ვენეცია) – ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური, ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. მისი მოგზაურობა აღწერილია რუსტიჩელო პიზელის Il Milione–ში, რომელიც მარკო პოლომ თავად უკარნახა ავტორს 1298–1299 წლებში გენუაში ციხეში ყოფნისას. ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა - პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით - ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიანსა და რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა.
 

აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის ექსპორტი რომში (შემდეგ ბიზანტიაში) ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების - პართიისა და მოგვიანებით სასანიანთა ირანის - შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინური აბრეშუმის შეტანა რომს ყოველწლიურად 100 ათასი სესტერციუსი უჯდებოდა. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე ოქრო. აბრეშუმის დიდი გზის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და ბიზანტიას საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ პართიასთან, შემდეგ სასანიანთა ირანთან (აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტები პართიაში სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა). VII-IX საუკუნებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას არაბთა სახალოფო უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. აბრეშუმის დიდი გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით.

აბრეშუმის დიდმა გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და სხვა, შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა (ბუდიზმი, მანიქევლობა, იუდაიზმი, ისლამი, ნესტორიანელობა).

                             მარკო პოლოს დანახული საქართველო
საქართველოს საზღვრის მახლობლად არის  ნაკადული, რომლიდანაც მოედინება ზეთი ისეთი სიუხვით, რომ შეიძლება ასი გემი დაიტვირთოს ერთ ჯერზე.
ეს ზეთი საჭმელად არ არის გამოსადეგი, მაგრამ გამოიყენება როგორც საწვავი და ასევე სამკურნალო მალამო, მას შეუძლია ადამიანისა და აქლემის განკურნება მუნისგან. ხალხი მოდის ამ ზეთის მისაღებად და მთელს სამეზობლოში მას იყენებენ საწვავად. საქართველოში არის მეფე რომელიც ყოველთვის ატარებს სახელს „დავით-მალიქი“, ანუ„მეფე-დავითი“. იგი ექვემდებარება თათრებს.
ძველ დროს  ამ ქვეყანაში ყველა მეფე მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდა. ქართველები არიან მშვენიერი რასა, მამაცი მებრძოლების შთამომავლები, კარგი მშვილდოსნები და კარგი მეომრები ბრძოლის ველზე. ქართველები არიან ქრისტიანები და ბერძნული ეკლესიის წესებს იცავენ.ისინი ატარებენ მოკლედ შეჭრილ თმას  და სასულიერო ტანისამოსს. ეს არის ქვეყანა, რომლის გამოც „ალექსანდრე“ ვეღარ წავიდა ჩრდილოეთით, რადგან გზა ვიწრო და სახიფათო იყო. ერთი მხრით მას აკრავს ზღვა, მეორე მხარეს კი მთები და ცხენით გაუვალი ტყეებია. ზღვასა და მთებს შორის ამ ვიწრო გასასავლელში მხოლოდ რამდენიმე მეომარსაც კი შეუძლია მტრის დამარცხება. ეს იყო იმის მიზეზი რომ ალექსანდრემ ვერ გაიარა. ასევე მინდა გითხრათ რომ მან აქ ააშენა ციხესიმაგრე, რათა ადგილობრივებს არ შესძლებოდათ მისთვის შეეტიათ. ამ ადგილს ეძახიან რკინის ჭიშკარს  და სწორედ აქ  ჩაკეტა ალექსანდრემ  თათრები ორ მთას შორის.
ქვეყანაში უამრავი სოფელი და ქალაქია. აქ უხვად მზადდება აბრეშუმის ქსოვილები და ისეთი ნაქსოვი აქვთ რომლის მაგვარიც არსად მინახავს... აქ ყველაფერი დიდი რაოდენობითაა იმისთვის რომ ვაჭრობა და მრეწველობა აყვავდეს. მთელი ქვეყანა სავსეა მაღალი მთებით და ვიწრო ბილიკებით, რაც მას ადვილად დასაცავს ხდის, ამიტომ მე შემიძლია დაგარწმუნოთ, თათრები ვერასროს მიაღწევენ იმას რომ ქვეყანა სრულად დაიპყრონ.
აქ მდებარეობს წმინდა „ლეონარდის“ მონასტერი, რომელიც ცნობილია სასწაულებრივი შემთხვევით. ისიც უნდა იცოდეთ, რომ აქ არის დიდი ტბა, რომელიც წარმოიქმნა მონასტრის გვერდით მდგარი მთიდან გამონაჟონი წყლით. ამ წყალში ვერანაირი სახეობის თევზს ვერ ნახავთ, ვერც დიდს და ვერც პატარას, ვერცერთ წელიწადის დროს, გარდა უფლის მიძინების პირველი დღისა და ამის შემდეგ თევზები ყოველდღე გამოდიან „წმინდა შაბათამდე“, რომელიც არის უფლის აღდგომის წინა დღე. მთელი ამ დროის განმავლობაში თევზები დიდი რაოდენობითაა წყალში, მაგრამ სხვა ნებისმიერ დროს თქვენ მათ აქ ვერ იპოვით.
საქართველო მოქცეულია ორ ზღვას შორის. ჩრდილოეთით მას აკრავს „პონტოს ზღვა“, აღმოსავლეთით კი ზღვა ,რომელსაც „ბაქოს ზღვას“ და ხანდახან „ღელის“ ან „ღელანის ტბის“ სახელწოდებითაც მოიხსენიებენ  და არის 2 800 მილი გარშემოწერილობის, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ეს ტბა უფრო არის ვიდრე ზღვა, რადგან გარშემორტყმულია ტყით და ხმელეთით და არანაირი კავშირი არ აქვს მთავარ ზღვასთან, რომელიც აქედან დაახლოებით თორმეტი დღის სავალზე მდებარეობს. იგი შეიცავს ბევრ დასახლებულ კუნძულს, ზედ აშენებული მშვენიერი ქალაქებით. მოსახლეობა დევნილია ძლევამოსილი თათრების მიერ, რომლებიც არიან დამპყრობლები „პერსიის სამეფოსი“, სადაც ქალაქებსა და რაიონებში ქონდათ თემური მმართველობის სისტემა. ისინი ცდილობდნენ თავშესაფრის პოვნას ამ კუნძულებზე, მთებს შორის, იმ იმედით რომ უსაფრთხოება მოეპოვებინათ.
საქართველოში არის მშვენიერი, საკმაოდ დიდი ზომის ქალაქი „ტიფლისი“რომელიც გარშემორტყმულია მას დაქვემდებარებული ქალაქებით და რაიონებით. მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანია. ქართველების გარდა ცხოვრობენ ასევე სომხებიც. აქ ასევე არიან მცირე რაოდენობით ებრაელები და სარაცინები. აბრეშუმი იქსოვება სწორედ ამ ქალაქში.  მოსახლეობა ცხოვრობს საკუთარი მრეწველობით და ემორჩილებიან თათრების ხანს.
მინდა გითხრათ რომ ჩვენ ხაზს ვუსვამთ თითოეული პროვინციის მხოლოდ რამოდენიმე მთავარ ქალაქს, არსებობს კიდევ უამრავი ქალაქი, რომელთა ჩამოთვლაც, ვფიქრობ, მოსაწყენი იქნება, მითუმეტეს თუ ისინი არაფრით გამოირჩევიან.... მაგრამ ზოგიერთი ქალაქის შესახებ, რომელიც ჩვენ გამოვტოვეთ და რომელიც მდებარეობს ზემოთ აღნიშნულ ადგილებში,უფრო სრულად ქვემოთ მოგახსენებთ.

 ავტორი: ირაკლი მამულაშვილი

ნანახია: 2318 | დაამატა: toka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: