ევროპა — მსოფლიოს ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე არსებობს რამდენიმე ვარიანტი.
ევროპის ფართობი 10 180 000 კმ2-ია, მოსახლეობა კი 742 452 000. ევროპა ფართობის მხრივ მეორე ყველაზე პატარა კონტინენტია (ის მხოლოდ ავსტრალიას აღემატება), თუმცა მოსახლეობის რაოდენობით ის აჭარბებს როგორც ავსტრალიას, ისე სამხრეთ ამერიკას, მოსახლეობის სიმჭიდროვით კი მხოლოდ აზიას ჩამორჩება.
ევროპის რეკორდები
ყველაზე მაღალი მწვერვალი - იალბუზი (5642 მ)
ყველაზე გრძელი მდინარე - ვოლგა (3 530 კმ)
ყველაზე დიდი ტბა - ლადოგის ტბა (17 700 კმ2)
ყველაზე დიდი ქალაქი - მოსკოვი (მოსახლეობა 11 503 500)
ყველაზე დიდი ქვეყანა - რუსეთი (მისი ევროპული ნაწილი)
ყველაზე პატარა ქვეყანა - ვატიკანი
ყველაზე დიდი კუნძული - დიდი ბრიტანეთი
სიტყვა „ევროპა“ ბერძნული მითოლოგიიდან მომდინარეობს. ასე ერქვა ფინიკიის მეფის, აგენორისა და ტელეფასას ასულს, რომელიც ზღვაში ბანაობისას ზევსმა დაინახა და ძალიან მოეწონა. ის ქალიშვილს თეთრი ხარის სახით გამოეცხადა, მოიტაცა და კუნძულ კრეტაზე წაიყვანა. აქ მათ სამი შვილი ეყოლათ: მინოსი (მომავალში კრეტის ლეგენდარული მეფე), რადამანთისი და სარპედონი. სწორედ ამ ასულის სახელი უწოდეს ბერძნებმა კონტინენტს. აღსანიშნავია, რომ ჰომეროსისათვის „ევროპა“ კრეტის მითიური დედოფალი იყო და არა გეოგრაფიული სახელწოდება.
|